ისტორიული
ფონი ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ შესწავლისას
„ზამთრით
ბუნება არა კვდება, სევდით იმოსვის“
(„სუმბული და მწირი“)
ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველია,
რომელიც XVIII საუკუნის საქართველოს, კერძოდ, ერეკლეს ეპოქას ასახავს; ასახავს ფრთხილად
და რეალისტურად, ტკივილითა და სიყვარულით. პოეტმა „ბედი ქართლისა“ 1839 წელს შექმნა,
როდესაც ჩვენს ქვეყანაში უკვე იყო დამდგარი შედეგი იმ ისტორიული მოვლენისა, რომელზედაც
პოემა დაიწერა.
თხუთმეტი წლის ერეკლე გლეხების რაზმს ხელმძღვანელობდა ლეკების წინააღმდეგ.
იგი ამ დროიდან მოყოლებული „პატარა კახის“ სახელით იცნობა. ნიკოლოზ ბარათაშვილი მიმართავს კახელებს
და მეფეს სწორედ ხალხის მიერ შერქმეული სახელით მოიხსენიებს. თხზულებაში სადღეგრძელოს
ინტონაცია ლოცვით იცვლება, სადაც ერეკლე უფალს თავის სამშობლოს ავედრებს. პოემაში სიუჟეტი
შედეგიდან გამომდინარე იშლება, უთუოდ ამიტომ, ფაქტების სიმძაფრისათვის,
ქრონოლოგია დარღვეულია.
ისტორიულად ჯერ იყო გეორგიევსკის ტრაქტატი, შემდეგ კრწანისის ბრძოლა. ნაწარმოებში
პირიქითაა, აღწერილია „მწარე, ძლიერი ომი...“ შინაომებში გამარჯვებულ აღა-მაჰმად-ხან
ყაჯარს ერეკლე მეფისათვის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, რუსეთთან კავშირის გაწყვეტა,
ქართლ-კახეთში ირანის ბატონობის აღდგენა, წყალობა და პატივი შეუთავაზებია; ქართველთა
მეფეს უარი შეუთვლია, აღა-მაჰმად-ხანი საქართველოზე სალაშქროდ ემზადებოდა. ერეკლე რუსეთს,
ხელშეკრულების თანახმად, ჯარსა და არტილერიით დახმარებას სთხოვდა. მეფეს კავკასიის
ხაზის გენერალი გუდოვიჩი სიტყვიერად აიმედებდა.
1795 წლის აგვისტოს აღა-მაჰმად-ხანი შუშის სახანოს მოადგა. ერეკლე II ალექსანდრე
ბატონიშვილის სარდლობით შუშის ხანს დაეხმარა და მტერი დაამარცხა. აღა-მაჰმად-ხანი საქართველოსკენ
დაიძრა, ერევნის ციხის აღებას აღარ დაელოდა და თბილისს მოადგა. ერეკლე 35000-იან მტრის
ჯარს 5000-მდე მეომრით უნდა დაპირისპირებოდა. ქართველებმა პირველი იერიში მოიგერიეს.
11 სექტემბერს სპარსელებმა მთელი ძალით შეუტიეს. სისხლით შეიღება კრწანისის ველი... შვილიშვილმა ერეკლე, იოანე გიორგის ძემ, ბრძოლის
ველიდან იძულებით გამოიყვანა. ომში გმირულად დაეცნენ: მუსიკოსების რაზმი მაჩაბლის ხელმძღვანელობით,
ცნობილი მეზარბაზნეები, 300 არაგველი...
ულმობელი ბრძოლის შემდეგ პოეტი აღნიშნავს: „ირაკლიმ უკვე გაჰქუსლა / მთიულეთისკენ
თავისი ცხენი...“ აღსანიშნავია ბუნება რომანტიკოსთა შემოქმედებაში. პოემაში ეს პეიზაჟი
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. უთუოდ, მეფე ერეკლე იმ ხეობის მოსანახულებლად მიდის,
სადაც კრწანისის ბრძოლაში დაღუპული 300 „არაგვიანი“ აღიზარდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი
მეფეს არემარეს „მინორში არ ახვედრებს“. პირიქით, „მორბის არაგვი“, „თან მოსძახიან
მთანი ტყიანნი, / და შეუპოვრად მოუთამაშებს / გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს...“ მას
არაგვის პირნი მობიბინენი და შვებით მომზირნი ხვდება. მდინარის ნაპირებს ძაძები კი
არ ჩაუცვამთ, პირიქით, სამშობლოსათვის თავდადებული და თავგანწირული შვილების აღმზრდელნი
სიცოცხლით სავსე გამწვანებული მთებით შემოსილან
(მწვანე - სიცოცხლისა და იმედის ფერია).
მდინარეს, როგორც მოვლენების განსაკუთრებულ გამომხატველს, პოემის დასასრულსაც
ვხვდებით. როდესაც მეფე ერეკლე აოხრებულ თბილისს უახლოვდება, მას ესმის, როგორ „ბუტბუტებს
მტკვარი მწუხარი.“ ლექსში „საფლავი მეფისა ირაკლისა“ (1842წ.), სადაც პოეტი რუსეთთან
დაახლოვების შედეგებს აღნიშნავს, წარსულში ირანის შემოსევებს „კასპიის ღელვას ადარებს“,
ხოლო ოსმალო მტერს „შავი ზღვის ზვირთნში“ აიგივებს.
ჩვენი სამშობლოს ისტორიაში უკვდავია 300 არაგველის გმირობის ამბავი. საქართველოს
სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ
განაჩინა: „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო
პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად... მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი...“
სწორედ 300 არაგველის მამულში - არაგვის ხეობაში ნიკოლოზ ბარათაშვილი მეფე
ერეკლესა და მის ერთგულ მსაჯულ სოლომონს შორის ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ
დიალოგს მართავს, რომელიც სამშობლოს დარდითა და სიყვარულით არის გაჯერებული.
ქართველთათვის რუსეთის მხრიდან სიტყვიერი დანაპირების იმედგაცრუება უცხო
არ იყო:1722 წელს ვახტანგ VI ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრით 3 თვის მანძილზე ამაოდ ელოდა პეტრე I-ის ამალას ირანზე ერთობლივი
შეტევის განსახორციელებლად; 1770 წელს ერეკლე მეფეს ასპინძის ომში ( გენერელმა ტოტლებენმა
იმედი გაუცრუა) მარტოს მოუწია ოსმალოს დამარცხება... 1795 წელს, კრწანისის ომის დროს
რუსეთი ქართველებს კვლავაც მარტო ტოვებს აღმოსავლეთის მტერთან, მაგრამ ეს შემთხვევა
კიდევ უფრო მძიმეა, ვინაიდან რუსეთი არ ასრულებს გეორგიევსკის ტრაქტატით აღებულ ვალდებულებას.
ერეკლე მეფის თავდადებული ღვაწლი განსაკუთრებულია. ის ნადირ შაჰს, რომელსაც
ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ახლდა ინდოეთში სალაშქროდ, იძულებულს ხდის, დათმობებზე წავიდეს,
ახერხებს მეზობელი სახანოების (ერევნის, ნახიჩევანის, განჯის) დამორჩილებას, სამხრეთ
ადარბადაგანის მფლობელის აზატ-ხანის და შაქი- შარვანის ხანის აჯი-ჩალაბის საბოლოოდ
დამარცხებას, ხუნძახის (ავარიის მფლობელი) ნურსალ-ბეგის შემოსევების (მჭადიჯვართან,
ყვარლის ციხესთან) მოგერიებას... ამიტომაც არის, რომ XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში
პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი თურმე განაცხადებს, -
დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში - ერეკლეო.
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის დიდი წინაპარს (ის გახლდათ, დედის ხაზით, ერეკლეს
მეფის შვილიშვილის შვილიშვილი) „სულის ტვირთს“ და „გულის წადილს“ სოლომონ
ლიონიძესთან ამჟღავნებინებს.
მეფე წუხს, რომ ძლივს შეაყვარა თავი ქართლის მოსახლეობას
(იგი 1744 წლიდან იყო კახეთის, ხოლო 1762 წლიდან -თეიმურაზ მეორის გარდაცვალებიდან
- ქართლ-კახეთის მეფე); მას უღალატეს შვილებმაც; გაქეზებულია „მაჰმად-ხანის
მოსისხლე სული“, „ოსმალო მხოლოდ დროს შემოჰყურებს, ლეკთა ხმაც არ ცხრება, რომელთა
წინააღმდეგაც მეფეს ჰყავდა „მორიგე ჯარი“ უფლისწულ ლევანის სარდლობით. ლევანი გარდაიცვალა,
დანარჩენი„ყმანი“ კი „ურთიერთს ბრძარვენ“.მეფე თავს მოხუცებულად მიიჩნევს, ფიქრობს,
რომ „განთქმულია რუსთა სახელი“, ჩვენ გვაქვს „ერთობა, / მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება,
- / მას მინდა მივცე მემკვიდრეობა, / და მან
მოსცეს ქართლს კეთილდრეობა!“
განცვიფრებული სოლომონ მსაჯული მეფეს ჰკადრებს: „ჯერ სამაგისო რა გვემართება,
/ რომ განვისყიდოთ თავისუფლება!“ მას სახელმწიფოების სჯულის ერთობა საკმარისად არ მიაჩნია,
შიშობს ერების განსხვავებულ თვისებებსა და რუსეთის სიძლიერეზე.
ერეკლე მეფეს სურს, რომ თავისი სამშობლო ვით „თვისი შვილი / თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს“. მას ედარდება
ომგამოღლილი თავის მამული და აღნიშნავს: „ახლა კი დროა, სოლომან, რომა / მშვიდობა ნახოს საქართველომა“. სოლომონი კი პასუხობს,
რომ ქართველს „არად მიაჩნით უბედყრება, / თუ აქვთ თვის ჭერთ ქვეშ თავისუფლება“. მაგრამ
მეფე ერეკლე საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით გრძნობს, „რომ დღეს იქნება, თუ ხვალ
იქნება, / ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“
ჭეშმარიტი ხელოვანი ხალხის გულის მესაიდუმლეა. ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის ბუნება ერეკლე
მეფისა და სოლომონ მსაჯულის ფიქრთშესალაგია; პოეტი პოლიტიკურ ნაბიჯს კამათლების „ამღერებას“ ადარებს,
მაგრამ მაინც აღნიშნავს, რომ „ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის / გონება ყრმათა ვერა მიხვდების!“
ნიკოლოზ ბარათაშვილი თვითონ არის უშუალო მონაწილე იმ ეპოქალური ქარტეხილების,
რომლებიც რუსეთთან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კავშირს მოჰყვა შედეგად: მეფობის გაუქმება,
ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის რუსეთში გადასახლება, ჩახშობილი ლოკალური აჯანყებები
და წარუმატებელი 1832 წლის შეთქმულება...პოეტისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
ქართველი ქალის პოზიცია ამ მდგომარეობაში. სოლომონ მსაჯული თავის მეუღლეს ამცნობს ერეკლეს
გადაწყვეტილებას,უწინასწარმეტყველებს, რომ „დიდკაცთა ცოლებს/ პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!“ სადაც ექნებათ
„განცხრომილება“ და „ფუფვნეულება“, რაზეც
სოფიო პასუხობს: „უწინამც დღე კი დამელევა
მე! / უცხოობაში რაა სიამე...“ მაგრამ „დიდი
ხანია გულს ირაკლისა / გარდუწყვეტია ბედი ქართლისა.“
რომანტიკოსი პოეტი
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის თავისუფლებადაკარგული ქვეყნის მხოლოდ წარსულით არ ტკბება. 1842 წელს
დაწერილ ლექსში „სუმბული და მწირი“ აღნიშნავს, რომ „ზამთრით ბუნება არა კვდება, სევდით
იმოსვის...“
ზამთარს გაზაფხული მოსდევს...
არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“
ისტორიის წამყვანი მასწავლებელი
მარიამ ილურიძე
გამოყენებული
ლიტერატურა:
1. ნიკოლოზ ბარათაშვილი, ბედი ქართლისა, ქართული მწერლობა,
9, 1992 წ., გვ.595-608;
2. ნიკოლოზ ბარათაშვილი, ქართველი მწერლები სკოლაში,
წიგნი 2, 2007წ., გვ. 192-198; 207-247;
3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 5,
2012 წ.;
4. საქართველოს ისტორია, 3, 2012 წ.;
5. გიორგი კალანდია, საქართველო ევროპის მონარქთა საომარ
გეგმებში, ჟურნ. ისტორიანი, #3 (87), 2018 წ., გვ 35-39.
_____________________________________________________________
No comments:
Post a Comment