Sunday, October 28, 2018

ტრენინგი თემაზე "ბულინგი"


შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ ისტორიის მასწავლებლის მარიამ ილურიძის
საშინაო დავალება ბულინგის პრევენციის თემაზე

ტრენერი -  ქალბატონი ირმა ხუციშვილი

გაკვეთილის გეგმა
თემა  - საკლასო კოდექსის შექმნა
საგანი - კლასის საათი
სწავლების საფეხური - საბაზო / VII2 კლასი
თარიღი - 31 ოქტომბერი. 2018 წელი.
მოსწავლეთა პროფილი - 18 მოსწავლე (8 - გოგონა და 10 - ვაჟი);   2 ბიჭი - მიმდინარე სასწავლო წელს გადმოსული სხვა სკოლიდან;
აქტუალობა - „სასწავლო მზრუნველი გარემოა სივრცე, სადაც წევრები თავს გრძნობენ დაფასებულად, ურთიერთობენ ერთმანეთთან და ხელს უწყობენ ერთმანეთის წინსვლასა და განვითარებას“ (ერიკ შაფსი). მზრუნველი საკლასო გარემოს როლი განსაკუთრებულია პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად.
მიზნები და მოსალოდნელი შედეგები - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზნად მაქვს ზრუნვა მზრუნველი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ასაკის, მოცემული კლასის მონაცემების, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით,შესავალი საუბრით ხელს შევუწყობ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებასა და შევქმნი განწყობას  მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებით შევეხები „საყოველთაო ოქროს წესს“ - მოექცე სხვას ისე, როგორც გსურს, რომ მოგექცნენ თქვენ.
მოსწავლეთა წინარე გამოცდილება - მოსწავლეებს დავურიგებ ბარათებს და ვთხოვ, ჩამოწერონ (სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე) 3 თვისება თანაკლასელების, რომელიც მოსწონთ და 3 თვისება, რომელიც არ მოსწონთ. სურვილის მიხედვით, განვსაზღვრავთ მახასიათებლებს და მსჯელობას წარვმართავთ ისე, რომ ეს ყველაფერი არის ჩემშიც, არსებობს ჩვენი შეხედულებები და მთავარია აღმოვაჩინოთ და ვმართოთ ჩვენი ქცევა.
მასალის დამუშავება -  მოსწავლეთა ინტერესების სტიმულირების შემდეგ,ვსვავ პრობლემურ კითხვებს სკოლისა და კლასის როლის შესახებ ადამიანის პიროვნებად ფორმირების საკითხში. ვპასუხობ მოსწავლეთა შეკითხვებს, ვახალისებ მათ სასარგებლო იდეებს, უყურადღებოდ არ ვტოვებ მათ მოსაზრებებს.
ვუკითხავ აბრაამ ლინკოლნის წერილს „ჩემი შვილის მასწავლებელს“ და ვმსჯელობთ, რა მოლოდინები აქვს პრეზიდენტ მამას სკოლისაგან. შევეცდები, შევქმნა აზრთა გაცვლა-გამოცვლის ატმოსფერო და მსჯელობა წავიყვანო იქით, თუ რამდენად საჭიროა კლასის მზრუნველი გარემო საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
ვიხილავ მათეს სახარებიდან ამონარიდს „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ“...  „გიყვარდეთ მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“(ქრისტეს მოძღვრების ქადაგება), რომელიც არის „საღვთო წერილის დედაარსი“... აქვე ვითვალისწინებ, რომ კლასში ზის ებრაელი მოსწავლე და აღვნიშნავ, რომ ჰუმანიზმის არსს  თქვენ უამრავ გენიალურ ლიტერატურაში შეხვდებით...   მაგალითად მომყავს კონფუცის გამოთქმა  „რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ, შენც არ გაუკეთო სხვას.“
ჩამოვწერ დაფაზე, მოსწავლეთა კარნახით, ქცევის კოდექსში შესატან საკითხებს, დავაჯგუფებთ, გავხდით ლაკონიურს... ვთხოვ, დავასათაუროთ ჩვენი კლასის ქცევის კოდექსი...(თუ მოუნდათ, რომ მას ერქვას„საყოველთაო ოქროს წესი“, ძალიან გავიხარებ ამისთვის უხილავად ვიზრუნებ გაკვეთის მთელ მანძილზე)... შევთავაზებ მოსწავლეებს, რომ ვთხოვოთ ხელოვნების მასწავლებელს, ამ მასალის საფუძველზე, გაგვაკეთებინოს საკლასო ოთახში გამოსაკრავად პლაკატები...
შეფასება - გაკვეთილის მსვლელობის დროს ვერბალურად ვაფასებ და ვახალისებ მოსწავლეთა აქტიურობას, მათ მისაღებ და სასარგებლო ნააზრევს...
სასწავლო რესურსები - ტრენინგის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ მასალა; მოძიებული ლიტერატურა: მათეს სახარება; აბრაამ ლინკოლნის აღნიშნული წერილი; კონფუცის მესამე წიგნი...


გაკვეთილის შემდეგ რეფლექსიაში ყურადღებას მივაქცევ, როგორ შეიცვალა გაკვეთილის გეგმა მსვლელობის პროცესში და რატომ?... რა გამოვიდა ყველაზე უკეთ და რა არა?... როგორი იყო პროცესი გამთლიანების ფაზაში.





Saturday, January 13, 2018

მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩემს ისტორიულ ბლოგზე. 

თქვენ აქ შეხვდებით ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, სასკოლო და საგაკვეთილო აქტივობებს, სტატიებს აღნიშნულ თემატიკაზე, საკლუბო ხასიათის ღონისძიებებს, ისტორიულ საინტერესო მოვლენებს. 

ვიმედოვნებ, ჩემი ბლოგი გაგიზიარებთ დაგროვილ ცოდნას და გაეცნობით იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მრავალწლიანი სწავლების შედეგად დამიგროვდა. 

წარმატებები!